მოკლულია 4 შვილის მამა: რა მოხდა ლილოს დასახლებაში? - „ესროლეს მანქანიდან, რომელსაც ნომრები მოხსნილი ჰქონდა“
- 01-Feb-2025, 12:08
31 იანვარს გვიან ღამით თბილისში, ლილოს დასახლებაში კაცი მოკლეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მოკლული 4 შვილის მამაა, რომელიც ავეჯის ბიზნესს ფლობდა, და მანქანაში რამდენიმე გასროლით ჩაცხრილეს.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილს, რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს, სანომრე ნიშნები ჰქონდა მოხსნილი, რაც მოქალაქეებს უჩენს ეჭვს, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო.
„ქვევით მოსახვევში ესროლეს გაჩერებულ მამაკაცს. რამდენჯერმე აქვს გახსნილი. 40-წლამდე კაცია. ნომრებიც მოხსნილი ჰქონდა. აქაური არ არის. მანქანაც არ მეცნობა", - ამბობს ადგილობრივი.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. მათ გამოძიების ფარგლებში სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ახლა კი შეიარაღებულ მამაკაცს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულსა და თავდამსხმელს შორის დაპირისპირებას აქამდეც ჰქონდა ადგილი.