"თაზო ცემით ჰყავს მოკლული, ცოცხალ-მკვდარი ბიჭი სახლში ჩაკეტეს... საშაურმეში მუშაობდა ისიც და ბრალდებულებიც" - ცნობილია თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა
- 22-Feb-2025, 11:43
თბილისში სადისტურად მოკლული 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. თაზოს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა, მოგვიანებით კი ეს თავზარდამცემი ამბავი შეიტყვეს.
მკვლელობის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სამართალდამცავებმა დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დიდხანს მიდიოდა, ახალგაზრდის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე დაკავებულია სამი პირი. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ჩვენი ინფორმაციით, ძალოვნებს უშუალოდ მკვლელი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს. დაკავებულ სამ პირს კი სამართალდამცავები დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. როგორც ჩანს, მათ უკვე მისცეს სამართალდამცავებს ჩვენება, მაგრამ ჩვენთვის უცნობია რა დეტალებზე საუბრობენ ისინი, მკვლელობის მოტივად რას ასახელებენ და ამხელენ თუ არა უშუალოდ მკვლელს.
დაკავებულ სამ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალს მალე წარუდგენენ და მათი სასამართლო პროცესი მალე ჩატარდება.
შოკისმომგვრელია ის დეტალები, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი.
როგორც წყარო გვიყვება, დანაშაულში მონაწილე პირები თაზო მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ. თაზო თურმე საშაურმეში მუშაობდა და ამ საშაურმეში მომუშავე პირები ახლა საკანში არიან გამოკეტილები.
ნინო, თაზოს მეგობარი, თანამშრომელი:
- სასწაული, მართლა სასწაული ადამიანი იყო თაზო, რამდენჯერაც გაბრაზებული ვიღაცაზე ცუდ რამეს ვწერდი, სულ იმას მპასუხობდა, არავისმა ცუდმა ქცევამ არ გაგაბოროტოსო. 23 წლის იყო, მაგრამ ძალიან ბავშვური. ღამეებს ვათენებდით ხოლმე "მესიჯობაში", იმდენ რამეს მიყვებოდა. სამწუხაროდ, არასოდეს უთქვამს, რომ რამე პრობლემები ჰქონდა. მაგაზე არასდროს არაფერი უხსენებია. ნეტავ რამე ეთქვა, დღეს ალბათ ისევ გვერდით მეყოლებოდა. გაცნობის დღიდან ისე დავმეგობრდით, უკვირდა ხალხს, ასე მალე როგორ მოახერხეთო. იმდენი საერთო გვქონდა, ხომ შეიძლება ვინმემ თქვას, რა იცი, იქნებ რამე დააშავაო, ამაზე ადამიანი ვერ იტყვის მაგას. არასდროს არაფერს აშავებდა, ისეთი იყო. ეს შოკისმომგვრელი ამბავი რომ გავიგე, ვერ ვიჯერებდი, იმდენად უწყინარი ადამიანი იყო